Pages

Friday, October 17, 2008

ჟორჟ სანდი - ავრორა დიუპენი (1804-1876)


... ,,რაღა არ არის მასში შერწყმული,ისიც და ესეც და კიდევ, კაცმა არ იცის რა. გაოცებული დარჩებით-აი, ქმნილება
/პოლ კლოდელი/

ჟორჟ სანდის წინაპართა ისტორიას თუ გადავხედავთ, ვიტყვით, რომ მას რჩეული ბედი მოელოდა, რადგანაც მისი წინაპრები ყველანი გამოჩენილი ადამიანები-მეფეები და მონაზონები, სახელოვანი მეომრები და მსახიობი ქალები იყვნენ. ყველა ქალს, როგორც ზღაპარშია ხოლმე , ავრორა ჰქვია. ყველას ჰყავს ვაჟიშვილები და საყვარლები. უკანონო შვილებს ხომ ვერ მოითვლით. ღვიძლი შვილები დიდი სიყვარულით სარგებლობენ, მაგრამ არც უკანონო შვილებს აკლით პატივი. მათ აღიარებდნენ, განადიდებდნენ, მეფურად ზრდიდნენ. ყველანი მეამბოხენი და მომხიბლავნი, სასტიკი, მაგრამ ნაზი ბუნებისანი იყვნენ. ადამიანთა ამ მძლავრ და უხეშ მოდგმას უნდა უმადლოდეს სანდი თავისი ხასიათის ზოგიერთ თვისებას-უხეშობას, უსირცხვილოდ თამამ საქციელს და დაუცხრომელ სიხარბეს სიყვარულში.
ეს იყო ქალი, რომელიც წარმოშობით საზოგადოების ორი განსხვავებული კლასის საზღვარზე იდგა.
ავრორა დიუპენი დაიბადა 1804 წლის 1 ივლისს. ის ე.წ. შეუფერებელი ქორწინების ნაყოფი იყო. დედამისი-ანტუანეტა სოფი ვიქტორია წარმოშობით ყველასგან ათვალწუნებული ბოშათა მოხეტიალე ტომს ეკუთვნოდა. მამა-მორის დიუპენი სამხედრო მოსამსახურე გახლდათ, რომელიც უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. მოულოდნელად ერთ ჭერქვეშ აღმოჩნდა ორი სრულიად განსხვავებული ხასიათის და ზნის ქალი-დედა და ბებია, რომლებიც თავიდანვე ვერ ეწყობოდნენ ერთმანეთს. ისინი სრულიად სხვადასხვა წრის ქალბატონები გახლდნენ.
ავრორას მამის გარდაცველების შემდეგ უწევს ოჯახში უსიამოვნებების მოსმენა და დედის სისტემატური დაცვა. ასეთი უკმაყოფილების გამო დედამისი-სოფია ვიქტორია პარიზში ბრუნდება, ავრორა კი დროებით ბებიის დაჟინებული მოთხოვნით, 1818-1820 წწ. იზრდება ქალთა მონასტერში. იქ მისი სულიერი მოძღვარი-აბატი დე პრემორი, მოხუცი, ჭკვიანი იეზუიტი ამაღლებულ, ჯანსაღ მორალს ქადაგებდა. ორმოცდაათი წლის ასაკში ავრორა იხსენებს-,, აბატი რომ არა, მე ახლა ვიქნებოდი გიჟი ან მონაზონი“.
მონასტრიდან იგი ნოანში ბებიასთან ბრუნდება, სადაც მისი ნახევარძმა -ჰუსარი იპოლიტიც ცხოვრობს ცოტახნით. ავრორა იპოლიტის წყალობით სწავლობს ცხენზე ჯირითს. ამ დღიდან განუყრელნი არიან ავრორა და მისი ულაყი-კოლეტი. ის იცვამს მამაკაცურად, ცხენზე ამხედრებული სანადიროდ დადის-რაშიც იმჟამინდელი ნოანის მერი-მოხუცი დეშარტიელ ეხმარება და თან გოგონას მამულის მართვის საიდუმლოებას აცნობს. ის ხომ ნოანის ერთადერთი მემკვიდრეა.
1821 წლის იანვარში გარდაიცვალა მარია-ავრორა დიუპენ დე ფრანკეი-ბებია; ავრორა დიუპენი ნოანის სრულუფლებიანი დიასახლისია.
1822 წლის 10 სექტემბერს- ავრორა დიუპენი ქორწინდება კაზიმირ დიუდევანზე. მათ შეეძინათ ორი შვილი. იგი ქმარში ამაღლებულ სიყვარულს ეძებდა, მაგრამ ამაოდ.
დედობა, რასაკვირველია უდიდესი ბედნიერება იყო, მაგრამ ის რუსოსებურ სიყვარულზე ოცნებობდა და როდესაც როდესაც ლამაზთვალება ახალგაზრდა ქალი ეძებს და უხმობს მონათესავე სულს, პოულობს კიდეც. ეს მონათესავე სული ჯერ ორელიენ დე სეზი იყო, შემდეგ ახალგაზრდა ჟიულ სანდო, რომლისთვისაც ავრორამ ნოანში დატოვა ქმარი, ორი შვილი და პარიზში გაემგზავრა. განა რაიმე შეაჩერებს ქალს,, რომელიც სიყვარულს მისდევს?
დიახ, 1831 წლის 4 იანვარს ქალბატონმა დიუდევანმა დატოვა ნოანი, იგი ბედნიერი იყო, რაკი თავისუფლება მოიპოვა, მაგრამ წუხდა,რომ ტოვებდა შვილებს.
ის ცხოვრობდა პარიზში, სენის ქუჩაზე # 31 ში. ახალგაზრდა ჟიულ სანდოსთან ერთად, რომელიც პატარა დებიუტანტი იყო ლიტერატურაში.
ავრორა თავს ბედნიერად გრძნობდა, თითქმის ყველა მასზე იყო შეყვარებული. ახალი ცხოვრება უფრო სრულად რომ შეეგრძნო, ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა თავის წინანდელ სამყაროსთან. ქმარი მხოლოდ მაშინ აგონდებოდა, როცა ფული შემოაკლდებოდა. გადაწყვიტა მუშაობა დაეწყო. ჯერ ბიბლიოთეკა მოსინჯა, მაგრამ იქ ციოდა, მერე ხატვა დაიწყო, აქ რეპუტაცია შეელახა. წერის გარდა აღარაფერი რჩებოდა.
„დავრწმუნდი, რომ ვწერ სწრაფად და ადვილად. ბევრი წერა შემიძლია დაუღალავად. მოდუნებული აზრები წერის დროს ცოცხლედებიან და ლოგიკურად ერთმანეთს უკავშირდებიან ... „( ა. დიუპენი)
საუბარში დაბნეული ავრორა წერილებში ცოცხალი და გონებამახვილი იყო. მოკლედ რომ ვთქვათ, ის მწერლად იყო დაბადებული და გრძნობდა კიდეც ამას.მაგრამ როგორ შეეღწია მწერალთა სამყაროში? ეს არც ისე ადვილი იყო.
იმ დროს დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ბერიელი ლიტერატორი ანრი დე ლატუში, რომელიც შემდეგ სატირულ გაზეთ „ფიგაროს“, ჩ უდგა სათავეში და რომელსაც მოსმენილი ჰქონდა ავრორას რომანი "ემე". მან უფლება მისცა მომავალ მწერალს გაზეთ "ფიგაროს" ქრონიკის განყოფილებაში პატარა სტატია დაეწერა.
ჟიულ სანდოც შესანიშნავად წერს.ავრორა თავდაპირველად ვერ ბედავს მის წარდგენას ლატუშთან; მაგრამ მალე ეს დროც დადგა და პატარა ჟიულის სტატიამ დიდი მოწონება დაიმსახურა. " როგორც ჩანს ის წარმატებას მიაღწევს. გადავწყვიტე, ჩემი მუშაობის მონაწილე გავხადო იგი, ანდა მე ვიყო მონაწილე მისი შრომისა. ასეა თუ ისე, ის თავის სახელს მაძლევს. -მე კი არ მინდა ჩემის გამჟღავნება".
ლაპარაკიც ზედმეტი იყო იმაზე, რომ ავრორას თავისი სახელით ეწერა. მის დედამთილს, დაქვრივებულ ბარონესა დიუდევანს ძალზე უკვირდა, რომ იგი ამდენ ხანს ცხოვრობდა პარიზში უკაზიმიროდ და როგორღაც ჰკითხა:" მართალია, რომ წიგნების წერას აპირებთ"?-"დიახ ქალბატონო".-"კეთილი,მაგრამ იმედი მაქვს წიგნის ყდაზე არ დააწერთ გვარს, რომელსაც მე ვატარებ".-" არა, რა თქმა უნდა, არა ქალბატონო, ამის შიში ნუ გექნებათ."
პირველ ხანებში შეყვარებულები ასე აწერდნენ ხელს: ჟ. სანდო. მათ ეგონათ, რომ ბედნიერება ჰპოვეს. შეყვარებულებს ერთნაირი გემოვნება ჰქონდათ და ერთნაირად შეეძლოთ სიყვარული. ისინი უკვე აღარავის არ ერიდებოდნენ, ნოანშიც კი ერთად ცხოვრობდნენ.
მაგრამ გარდა ტრფიალებისა, ნოანში შეყვარებულები ბევრს მუშაობდნენ.
" მწერლობა გაშმაგებული ვნებაა, თუკი შეიპყრობს ვინმე უბედურს, უკურნებელ სენად ექცევა". ამბობდა ავრორა.მათ დაამთავრეს საკმაოდ მალე ხუთი ტომი "როზი და ბლანში", ეს იყო მსახიობი ქალისა და მონაზვნის ცხოვრების ამბავი. რომანის საუკეთესო ნაწილი ავრორამ დაწერა. მან წიგნში ჩააქსოვა თავისი მოგონებები მონასტერზე, გულახდილი აღიარება სოფი-ვიქტორიასი. სანდომ წიგნი საკმაოდ მძიმე ოხუნჯობით შეავსო.
მალე ავრორამ მარტომ დაიწყო მუშაობა ახალ წიგნზე, ეს იყო რომანი-"ინდიანა".
სანდომ თავისი საყვარლის ხელნაწერი აღტაცებით, გაკვირვებით და რაღაც უცნაური უხერხულობის გრძნობით წაიკითხა. ეს შესანიშნავი და მისი აზრით მეტად სერიოზული ნაწარმოები იყო. როგორც წესიერ ადამიანს შეჰფერის, მან უარი თქვა ხელი მოეწერა იმ ნაშრომზე, რომელზედაც არ უმუშავია.ასეთ შემთხვევაში რა ფსევდონიმი უნდა მოეწერა ავრორას? მათმა საერთო სახელმა-ჟ.სანდო-"როზი და ბლანში"-ს წყალობით უკვე აღიარება მოიპოვა. დიუდევანის მოწერა შეუძლებელი იყო, რადგან დედამთილი და ქმარი ამის წინააღმდეგები იქნებოდნენ. დედამისი უადგილოდ და უხერხულად მიიჩნევდა, რომავრორას დიუპენი მოეწერა. გამოინახა კომპრომისი: ის დაიტოვებს გვარს-სანდი და გამოიცვლის სახელს. ასე დაიბადა ჟორჯ სანდი, მას ხომ დაჟინებით უნდოდა მამაკაცის სახელი რქმეოდა, ქალის მონური მდგომარეობის შესახებ აკვიატებული აზრით შეპყრობილი, მისგან განთავისუფლებას ცდილობდა და ამიტომ სახელი და მთელი თავისი გარეგანი იერი შეიცვალა. ამ დღიდან ყველა ზედსართავ სახელს, რომელიც მას ეხებოდა, მამრობით სქესში ხმარობდა.
1832 წელი.მაისი. "ინდიანა" -პირველი რომანი ჟორჟ სანდის ფსევდონიმით.

პროექტი შექმნილია 35-ე საჯარო სკოლის ფრანგული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ნინო მექვაბიძის მიერ.